სასამართლომ ტრამპი ამერიკელი მწერლის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ამერიკის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტისა და მწერლის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC წერს.
ქეროლი აცხადებს, რომ ტრამპმა სექსუალურად ნიუ-იორკში 1990-იან წლებში შეავიწროვა.
ამასთანავე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ბრალდება გაუპატიურების შესახებ.
ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი ასევე დამნაშავედ ცნეს ცილისწამებისთვის, რადგან მან მწერლის ბრალდებებს "სიცრუე" უწოდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპი სექსუალური ძალადობისთვის იურიდიულად აგებს პასუხს.
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ტრამპს 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
იმის გამო, რომ სასამართლო პროცესი სამოქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა და არა სისხლის სამართლის, ტრამპს არ მოეთხოვება სექსუალურ დამნაშავედ დარეგისტრირება.
6 მამაკაცისგან და 3 ქალისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ გადაწყვეტილება სამ საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.
ტრამპი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ორკვირიან სამოქალაქო სასამართლო პროცესებს არ დაესწრო.
ტრამპის ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ, სასამართლო პროცესის დასრულებისას ქეროლს ხელი ჩამოართვა და უთხრა: "გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ."
ქეროლი სასამართლოს გარეთ არ გაჩერებულა, მაგრამ ჟურნალისტებს მოკლედ განუცხადა: "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ."
განაჩენის გამოტანის შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე დიდი ასოებით დაწერა: "აბსოლუტურად არ ვიცი ვინ არის ეს ქალი."
სასამართლო მოსმენებზე ქეროლის იურიდიულმა ჯგუფმა 11 მოწმე მოიწვია, რათა დაემტკიცებინათ, რომ 1995 ან 1996 წელს ტრამპი მას თავს დაესხა.
მათ შორის იყო ორი ქალი, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ მათზე ტრამპმა სექსუალურად იძალადა და მისი ორი დიდი ხნის მეგობარი, რომლებმაც თქვეს, რომ ქეროლმა მათ ტრამპთან მომხდარ ინციდენტზე შემთხვევიდან მალევე უამბო.