შმიგალი: რუსეთის აგრესიამ უკრაინა 1 ტრილიონი დოლარით დააზარალა
რუსი ოკუპანტების შემოჭრის შედეგად უკრაინის ზარალმა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ინტერფაქს-უკრაინისთვის 29 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"გათვლა მაინც ექსპერტულია, მაგრამ ზარალი სტრუქტურირებულია. პირველი, ინფრასტრუქტურის პირდაპირი დაზიანება. ეს არის ის, რაც დავკარგეთ პირდაპირი ნგრევის შედეგად - ხიდები, გზები, საცხოვრებელი შენობები და ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი შეფასებით ეს არის დაახლოებით 120 მილიარდი დოლარი, თუ გავითვალისწინებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას და სხვა სამოქალაქო ხარჯებს, მაშინ ზარალი 270 მილიარდ დოლარზე მეტია. დეტალური გაანგარიშებისთვის შეიქმნა დაკარგული ქონების რეესტრი. თითოეულ ადამიანს შეეძლება დაარეგისტრიროს ოჯახისთვის მიყენებული ზარალი. ჩვენ გვექნება ზუსტი, ყველა ზიანის თითქმის ბუღალტრული აღრიცხვა", - განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, მეორე ნაწილი უკრაინის ეკონომიკური ზარალის გაანგარიშებაა.
"ეს არის მშპ-ს შემცირება იმ თვეებში, როდესაც ჩვენთან საომარი მოქმედებები გრძელდება. ეს არის ჩვენი საწარმოების დაკარგული მოგება. ჩვენი გათვლებით ეს თანხა 290 მილიარდ დოლარზე მეტია. მესამე ნაწილი არის სახელმწიფოს მიერ სამომავლოდ მშპ-ს შემცირების შედეგად მიღებული ზარალი. ომამდე გვქონდა გეგმები, როგორ გაიზრდებოდა ჩვენი ეკონომიკა. ახლა განადგურდა ის საწარმოები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის შემოსავალი უნდა მოეტანათ. ამიტომ, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კორექტირება იქნება. პირველ ორ ნაწილში ზარალი მარტის დასაწყისისთვის 560 მილიარდ დოლარზე მეტია, ეს არის პირდაპირი ზარალი. მესამე ნაწილზე ირიბად გამოთვლილი ზარალი, მომდევნო წლებში ზარალის გათვალისწინებით, 1 ტრილიონ დოლარზე მეტია", - აღნიშნა პრემიერმა.