შმიჰალი: იტალიასთან ერთად დრონების საწინააღმდეგო სისტემების წარმოებას განვიხილავთ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინა და იტალია საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ, რომელიც ინფრასტრუქტურას მტრის დრონების თავდასხმისგან დაიცავს.
ამის შესახებ მან თავდაცვის საწარმო Rheinmetall Italia-ში ვიზიტისას განაცხადა.
"ჩვენ ვაფართოვებთ უკრაინასა და იტალიას შორის თანამშრომლობის ჰორიზონტს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. განვიხილავთ ამ სისტემების კომპონენტების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობას. ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი ასეთი ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა. ისინი შექმნიან საიმედო ფარს ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარშემო", - თქვა შმიჰალმა.
Rheinmetall სპეციალიზირებულია თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში. მათ შორისაა Skynex-ის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლითაც უკრაინა დაინტერესებულია.
"ჩვენ გვჭირდება ისეთი ეფექტური იარაღი უპილოტო საფრენი აპარატებისგან დასაცავად, რომლითაც რუსეთი უტევს უკრაინას. ეს გადაარჩენს ათეულობით სიცოცხლეს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას მილიონობით ადამიანისათვის", - ხაზგასმით აღნიშნა შმიჰალმა.
მისი თქმით, ახლა ასეთი ბატარეები უკრაინაში უკვე მზადყოფნაშია. უკრაინის პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა იტალიელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ოთხშაბათს, რომში, შმიგალთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იტალია უკრაინას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებაში დაეხმარება.