შოიგუ ჩრდილოეთ კორეას ეწვია
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში 25 ივლისს, გვიან საღამოს ჩავიდა. ამ ინფორმაციას მისი სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, წინა დღეს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის აეროპორტში რუსეთის სამხედრო დელეგაციის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. შეხვედრის დროს "თბილი მისალმების ატმოსფერო სუფევდა", - აღნიშნავს სააგენტო.
26 ივლისს შოიგუმ მოლაპარაკებები გამართა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან, კანგ სუნ ნამთან.
შოიგუმ თქვა: "პირველივე წუთიდან ვგრძნობდი მზრუნველობას და ყურადღებას." მან აღნიშნა, რომ სურს "არა მხოლოდ აქტიურად იმუშაოს, არამედ გაიგოს ბევრი საინტერესო რამ ჩრდილოეთ კორეის კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ."
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში კორეის ომში ე.წ. "გამარჯვების დღის" 70 წლისთავზე ჩავიდა, რომელსაც ფხენიანი "პატრიოტულ განმათავისუფლებელ ომს" უწოდებს. ჩრდილოეთ კორეაში, სავარაუდოდ, აღლუმი გაიმართება, სადაც "ახალი იარაღის" დემონსტრირება მოხდება.