შოიგუს მოადგილედ დაინიშნა გენერალი, რომელიც მარიუპოლის შტურმს მეთაურობდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გენერალი დმიტრი ბულგაკოვი, მის ნაცვლად კი დაინიშნა რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც მარიუპოლის შტურმს მეთაურობდა. 

მიზინცევი ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, გარკვეული პერიოდით ის რუსეთის არმიის მოქმედებებს მეთაურობდა სირიაშიც. 

მიხაილ მიზინცევი ომის დასაწყისში მარიუპოლის მშვიდობიან კვარტლებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებს განხორციელებულ დარტყმებს იმით ხსინდა, რომ თითქოს ამ ადგილებში უკრაინელებს გამაგრებული პოზიციები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლს ხსნიდნენ რუსული პოზიციების მისამართით. 

კონტექსტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ასახელებს თუ რა გახდა ბულგაკოვის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი - შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ბულგაკოვი სხვა სამსახურში გადაიყვანეს. 

ბულგაკოვი წლების განმავლობაში სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის საკითხებს კურირებდა. როგორც ჩანს აღნიშნულ თანამდებობაზე ბულგაკოვის არაეფექტური საქმიანობა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზიც - რუსულ და დასავლურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ რუსეთი მწვავედ განიცდის შეიარაღების სხვადასხვა სისტემების ნაკლებობას, ასევე, კავშირის მოწყობილობებისა და ეკიპირების კუთხით. 

 

მსგავსი სიახლეები