შოლცი: გერმანიის გაერთიანება ჯერ არ არის დასრულებული პროცესი
მეკლენბურგ-ფორპომერნიის ფედერალური მიწის დედაქალაქ შვერინში, 3 ოქტომბერს, ეროვნული დღესასწაულის - გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართა. ქალაქის საკათედრო ტაძარში აღევლინა ეკუმენური მესა და ქუჩებში სადღესასწაულო ღონისძიებებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 450 მოწვეულ სტუმართან საუბრისას, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებმა ინტეგრაციაში დიდ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ეს პროცესი დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
შოლცმა მოუწოდა არ დაივიწყონ ის გაჭირვება, რომელიც თავისუფლების მოპოვების შემდეგ ბევრმა აღმოსავლეთ გერმანელმა გაიარა.
"არავითარ საიდუმლოს არ გავამხელ: გერმანიის გაერთიანება, რა თქმა უნდა, 34 წლის შემდეგაც არ დასრულებულა," - განაცხადა კანცლერმა.
მან მოქალაქეებს მიმართა, რომ არცერთ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი განსაცდელი, როგორიც გერმანიამ: "ჩვენ უნდა გაგვეერთიანებინა ორი სახელმწიფო ერთ მთლიანობაში, რომლებმაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში ააშენეს საზოგადოების სრულიად განსხვავებული მოდელები - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად და ფსიქიკურად."
ოლაფ შოლცმა ასევე გაერთიანების უარყოფით შედეგებზეც ისაუბრა აღმოსავლეთის მიწების მაცხოვრებლებისთვის.
"მილიონებისთვის იმდროინდელი ცვლილებები განთავისუფლებას და ახალ დასაწყისს ნიშნავდა. მაგრამ მილიონებისთვის, ცვლილებები დამღუპველი აღმოჩნდა მომდევნო წლებში. ბევრისთვის ცხოვრება დასრულდა, ისინი გრძნობდნენ, რომ მათი ცოდნა, გამოცდილება და ღვაწლი გაუფასურდა. ესეც 1990 წლის შემდეგ გერმანიის ისტორიის ნაწილია. ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს," - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.