შოლცი: პუტინმა ინტერვიუში ბევრი ტყუილი თქვა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტაკერ კარლსონის ინტერვიუს "უაზრო" უწოდა.
შოლცმა თქვა, რომ ინტერვიუს დროს რუსმა დიქტატორმა "ბევრი ტყუილი თქვა ამ ომის ისტორიაზე."
კანცლერმა აღნიშნა, რომ პუტინი მხოლოდ "მეზობლების ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციითაა დაინტერესებული" და ამ ქცევას "იმპერიალიზმი" უწოდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება, არის "რუსეთის პრეზიდენტის სურვილი უკრაინის ნაწილების ანექსია მოახდინოს."
"მისთვის საერთო გზავნილი უნდა იყოს: უკრაინის დახმარება არ შემცირდება." - თქვა მან.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ პუტინმა კარლსონთან ინტერვიუში გაიმეორა ძველი ტყუილები და მანიპულაციები.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა "აბსოლუტურად უაზრო" უწოდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი ნატოს გაფართოების შედეგია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პუტინის განცხადებები სულაც არ არის ახალი, მაგრამ შემაძრწუნებელია, რომ მათ ამერიკელი ჟურნალისტი ავრცელებს.