შოლცი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია
რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაისახა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა T-Online-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა.
"რუსეთმა ვერ მიაღწია ომის დასაწყისში დასახულ ვერცერთ მიზანს. უკრაინა ვერ დაიპყრო, ის თავს დიდი ოსტატობით, გამბედაობით და თავგანწირვით იცავს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატომ ფაქტობრივად გაზარდა თავისი ძალების რაოდენობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ხოლო ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
"რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთის კამპანიის ათწლეულში. პუტინისთვის თანდათან ცხადი უნდა გახდეს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან შეთანხმების მიღწევაა", - განაცხადა კანცლერმა.