შოლცი: ზამთარში გერმანიაში ელექტროენერგიის გათიშვა ნაკლებად სავარაუდოა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ზამთარში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის გამო შეშფოთებული არ არის. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება", - თქვა მან ე.წ. საზაფხულო ინტერვიუში, რომელიც 4 სექტემბერს, კვირას, გერმანიის საზოგადოებრივმა ტელევიზია ZDF-ზე გადაიცემოდა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს", - აღნიშნა შოლცმა.
მანამდე ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ზამთარში გერმანიაში შეიძლება ელექტროენერგია მასიურად გაითიშოს, თუ მმართველი კოალიცია არ გადადებს გერმანიის ბოლო მოქმედი ატომური ელექტროსადგურების დაგეგმილ დახურვას.
როგორ აანაზღაურებს გერმანია რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებას
თავის მხრივ, შოლცს ინტერვიუს დროს ატომური ენერგიის გამოყენების საბოლოო უარყოფის თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, გერმანიის მთავრობამ "ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას დიდი საფრთხე არ დაემუქროს".
ამასთან, მან თბოელექტროსადგურების მუშაობის განახლებაზე ისაუბრა, რის გამოც შესაძლებელი გახდა გაზის მოხმარების შემცირება.
გარდა ამისა, შოლცის თქმით, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიმღები პირველი ტერმინალები გერმანიაში რამდენიმე თვეში გაიხსნება.
"ეს ყველაფერი უნდა დაგვეხმაროს ზამთრის უსაფრთხოდ გადატანაში", - დაასკვნა მან.
ამავდროულად, გერმანიის მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასების კლება დაიწყება, როდესაც ქვეყანაში მოხმარებული ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის გამომუშავება "მწვანე" ტექნოლოგიებით მოხდება.
"ყოველ ახალ ქარის ელექტროსადგურთან ერთად, ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულება მცირდება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.