შვედეთი ანტიტერორისტულ კანონმდებლობას ამკაცრებს
შვედეთის პარლამენტმა ქვეყანაში ანტიტერორისტული კანონმდებლობა გაამკაცრა. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის მისაღებად გადაიდგა.
ამ ინფორმაციას Associated Press 3 მაისს ავრცელებს.
პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობითვის პატიმრობის ვადის ოთხ წლამდე გაზრდას, თუ ბრალდებული მათ მხარს უჭერდა ან მათი საქმიანობის პროპაგანდაში იყო ჩართული. სასჯელი შეიძლება რვა წელიც იყოს, თუ ორგანიზაციის წევრი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული.
გარდა ამისა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერად აღიარებულ პირებს უვადო თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, რაც შვედეთში პრაქტიკაში 20-25 წლით პატიმრობას ნიშნავს.
ამასთანავე, კანონი აკრძალავს ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, რეკრუტირებას და მათი საქმიანობის საჯარო ხელშეწყობას. ასევე დასჯადი გახდება საზღვარგარეთ გამგზავრება ასეთ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.
ცვლილებები 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. მათ მხარი 268-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 34 იყო.
თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე გამოთქვეს.
ქვეყნების ალიანსში გასაწევრიანებლად, საჭიროა მისი ყველა წევრის თანხმობა. თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ქვეყანას ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) დაკავშირებული ათეულობით პირის შეფარებაში ადანაშაულებს.
PKK-ს თურქეთის გარდა, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
აპრილის დასაწყისში ფინეთი ნატოს ოფიციალურად შეუერთდა. მოლაპარაკებები შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ კი ჯერ კიდევ გრძელდება.