შვედეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, რიგით მეთექვსმეტე, და, ყველაზე მსხვილი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა, რომლის საერთო ღირებულება 1.3 მლრდ დოლარია.

ამის შესახებ შვედეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

ეს პაკეტი უკრაინას სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემს, რომლის წყალობითაც, ის შეძლებს ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და პრიორიტეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. პაკეტი მოიცავს ASC 890-ის ტიპის რადიოლოკაციური დაზვერვისა და მართვის თვითმფრინავს, რისი საშუალებითაც, უკრაინას შეეძლება აკონტროლოს საჰაერო და სახმელეთო სამიზნეები და უფრო ეფექტურად იბრძოლოს მათ წინააღმდეგ.

ასევე, უკრაინის ახლად ფორმირებული ბრიგადებისთვის, შვედეთი, Pansarbandvagn 302 (PBV 302) ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის მთლიანი პარკის გადაცემას აპირებს. შვედეთის სამხედრო დახმარება ითვალისწინებს RB 99 -ის (ამერიკული AIM-120 AMRAAM) ტიპის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს, რომლის გამოყენება შესაძლებელია ისევე როგორც საბრძოლო თვითმფრინავებიდან, ასევე, სახმელეთო ბაზირების ანტისაჰაერო თავდაცვის კომპლექსებიდან.

სამხედრო დახმარება მოიაზრებს უკრაინული არტილერიისთვის 155 მმ-იანი ჭურვების, ავტოცისტერნებისა და აქამდე გადაცემული ტექნიკისთვის/შეიარაღებისთვის სათადარიგო ნაწილების გადაცემასაც.

შვედეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებისა, ისინი აპირებენ კოალიციური ძალებისა და საშუალებების ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, ფონდებისა და დროებითი ინიციატივების ფინანსურს დახმარებას, რომლებიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალების, შეიარაღებისა და აღჭურვილობის ყიდვით არიან დაკავებულნი.

 

მსგავსი სიახლეები