შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ების გადაცემის საკითხს შეისწავლის

შვედეთის მთავრობა უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობას შეისწავლის. 

ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საზოგადოებრივი რადიო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Sveriges Radio-ს ცნობით, მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დასკვნა თუ რა გავლენა ექნება თვითმფრინავების გადაცემას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. 

სწორედ ამ პრობლემას გაუსვა ხაზი შვედეთის პრემიერ-მინისტრმა გასულ თვეს, როდესაც სტოკჰოლმში ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობდა. ულფ კრისტენსონი ამბობდა, რომ შვედეთს ეს თვითმფრინავები არ აქვს საკმარისი რაოდენობა და მათი საჭიროება კვლავ მაღალია, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც ნატოში გაწევრიანების პროცესი კვლავაც არ არის დასრულებული. 

"ეს არის ბალანსის ძიება, ბალანსის რისი გადაცემაც შეგვიძლია და რაც ჩვენ გვჭირდება. ამ დროისთვის ჩვენ ე.წ. F-16-ების კოალიციის წევრები ვართ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის არმიის საავიაციო პოტენციალი",- განაცხადა ულფ კრისტენსონმა. 

Gripen შვედური წარმოების მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია. ივნისში The Economist წერდა, რომ გარკვეული კრიტერიუმებით შვედური თვითმფრინავები უკრაინისთვის შესაძლოა უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე ამერიკული F-16-ები. 

მსგავსი სიახლეები