შვედეთი ურანის მოპოვების აკრძალვის გაუქმებას გეგმავს

შვედეთის ხელისუფლება ურანის მოპოვების აკრძალვის გააუქმებას გეგმავს, რათა ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავის საკუთარი წყარო ჰქონდეს ისეთ გარემოში, სადაც მარაგების უმეტესი ნაწილი რუსეთზეა დამოკიდებული.

ამ ინფორმაციას The Times ავრცელებს.

შვედეთის კლიმატის მინისტრი, 26 წლის რომინა პურმოხტარი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყანაში ურანის მოპოვების აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

მან განმარტა, რომ ურანის მოპოვება ხელს შეუწყობს შვედეთის ატომურ ელექტროსადგურებს, მათ შორის რეაქტორებს, რომელთა აშენებაც მომავალში იგეგმება, რათა შვედეთმა მომდევნო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გამომუშავება გააორმაგოს.

"ბირთვულ ენერგიას დაბალი ზემოქმედება აქვს გარემოზე და ენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით მოითხოვს შეზღუდულ რესურსებს," - თქვა პურმოხტარმა.

ამისათვის შვედეთის მთავრობამ ურანის მოპოვების მორატორიუმი უნდა გააუქმოს, რომელიც 2018 წელს წინა ხელისუფლებამ შემოიღო.

შვედეთში ისტორიულად ძლიერი ანტიბირთვული მოძრაობა არსებობდა, რომელმაც 1980-იანი წლებიდან ქვეყნის ბირთვული სექტორის გაყინვას მიაღწია.

The Times-ის ცნობით, ბოლო წლებში სიტუაცია იცვლება, რადგან ევროკავშირი ურანის საიმედო წყაროებს ეძებს ატომური ელექტროსადგურებისთვის. ევროკავშირში ურანის საბადოების დაახლოებით 80% შვედეთს ეკუთვნის.

სულ მცირე ორმა უცხოურმა კომპანიამ - ავსტრალიურმა Aura Energy-მ და კანადურმა District Metals-მა გამოთქვა შვედეთში ურანის მოპოვებისადმი მზადყოფნა.

შვედეთის მთავრობამ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ბირთვული რეაქტორების რაოდენობის ზედა ზღვარს გააუქმებს და ახალი რეაქტორების აშენების ნებართვების გაცემას გააამარტივებს.

მსგავსი სიახლეები