შვედეთში კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს
რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამ ინფორმაციას 5 დეკემბერს "Радио Свобода" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბლოგერის გარდაცვალების შესახებ ასევე მოძრაობა 1ADAT-ის ტელეგრამის არხი წერს, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მუშაობს.
"რამდენიმე დღეა, ვატარებთ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ყოვლისშემძლე ალაჰმა მოისურვა, გვაქვს მისი გარდაცვალების დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია. ძმა, მუჰამედი, საიდუმლო სამსახურებმა გადამალეს. ჩვენი მასალა, რომელიც ალაჰის ნებით ევროპაში ჩეჩნეთის მამხილებელთა ქსელის მეშვეობით მოვიპოვეთ, არ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მამხილებელთა დაცვის მიზნით. ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა და ამ წუთებში მკვლელობის დეტალები ზუსტდება", - წერს ორგანიზაცია.
"Радио Свобода"-ს ცნობით, აბდურახმანოვი 1-2 დეკემბრის ღამეს მოკლეს.
ბლოგერის ბოლო მიმართვა ტელეგრამზე 30 ნოემბერს, საღამოს გამოქვეყნდა.
აბდურახმანოვი ჩეჩნეთის ხელისუფლების ცნობილი ოპონენტია. მის YouTube არხს ABU-SADDAM SHISHANI თითქმის 500 000 გამომწერი ჰყავს. 2015 წელს მან რუსეთი კადიროვის ნათესავებთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა. აბდურახმანოვმა პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი შვედეთში მიიღო. როგორც Deutsche Welle წერს, ჩეჩნეთში აბდურახმანოვს "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტებთან კავშირში ადანაშაულებენ.