შვედეთში ყურანის დაწვის აქციის ხარჯები RT-ის ყოფილმა ჟურნალისტმა გადაიხადა
სტოკჰოლში თურქეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანზე ყურანის დაწვის აქციასთან დაკავშირებული ხარჯები RT-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, ჩანგ ფრიკმა გადაიხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ The Insider ავრცელებს.
ინციდენტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს არ დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.
გამოცემასთან საუბარში ჩანგ ფრიკმა დაადასტურა, რომ თვითონ გადაიხადა აქციის ჩატარების განაცხადის საფასური, (320 შვედური კრონა) თუმცა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ყურანის დაწვის გეგმის შესახებ.
ფრიკის თქმით, 2014 წლის შემდეგ მას რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამჟამად უკრაინელ დევნილებს ეხმარება - "ჩემთვის, რომ ქალბატონ სიმონიანს დაერეკა ავუხსნიდი, რომ თურქეთში არჩევნების შემდეგ შვედეთს ნატოში მაინც მიიღებენ. თურქეთში ბევრი პრობლემაა ინფლაცია, სიღარიბე, ისინი ამ ყველაფერს ყურადღების გადასატანად იყენებენ",- ამბობს ფრიკი.
ამასთანავე ფრიკის თქმით, აქცია არ იყო მიმართული ისლამის წინააღმდეგ, არამედ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერას ეხებოდა.
კონტექსტი
21 იანვარს ულტრა-მემარჯვენე დანიური პარტია Stram Kurs-ის (მკაცრი კურსი) წევრმა რასმუს პალუდანმა სტოკჰოლში თურქეთის საკონსულოს შენობის წინ, ისმაფობიური სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ყურანი დაწვა. აქციას ისლამურ სახელმწიფოებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ხოლო თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.
შვედური ონლაინ გამოცემა STV იუწყებოდა, რომ ფრიკმა არამხოლოდ გააფორმა აქციის ჩატარების განაცხადი და გადაიხადა შესაბამისი თანხა, არამედ პალუდენს ყველა დაკავშირებული ფინანსური პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა.
ჩანგ ფრიკი 2014 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა პროპაგანდისტულ RT-სთან. ამ ამპლუაში ის რამდენიმეჯერ იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსული პროპაგანდისტული მედიების რეპორტაჟების გმირიც არაერთხელ გამხდარა.
რაც შეეხება პალუდენს მას არაერთხელ ჩაუტარებია მსგავსი აქციები, მათ შორის ყურანის დაწვითაც. 2020 წლის მიწურულს 14 სხვადასხვა მუხლით დანიის სასამართლომ პალუდენს 1-თვიანი პატიმრობა და 2-თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.