სი ძინფინგი: ჩინეთის და რუსეთის მეგობრობა დღითიდღე ვითარდება
პეკინი და მოსკოვი დღითიდღე უახლოვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა რუსეთში სამდღიანი ვიზიტის წინ განაცხადა.
კვირას საღამოს, Российская газета-ში რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიაში სი ამბობს, რომ ის მოსკოვში "მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის" გასაძლიერებლად და "ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის ახალი პერსპექტივის შესაქმნელად" მიემგზავრება. ის წერს: "ჩვენ ვაგრძელებთ თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეგობრობის კონცეფციას და ეს ტრადიციული მეგობრობა დღითიდღე ვითარდება."
თავის მხრივ, სი ძინფინგის ვიზიტის წინ, ჩინურ მედიაში სტატია ვლადიმერ პუტინმაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ახლა ისტორიაში "უმაღლეს დონეზეა". მან არაპირდაპირ ის ნარატივიც გააკრიტიკა, რომ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მისი მზარდი იზოლაციის გამო. პუტინი წერს: "არ არსებობს ლიდერი და მიმდევარი, არ არსებობს შეზღუდვები ან აკრძალული თემები."
ჩინეთის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში დაემთხვა მის მიერ ინიცირებული 12 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნებას, რომელიც უკრაინისთვის და დასავლეთისთვის მიუღებელია.
ორშაბათს, პეკინმა მხარი დაუჭირა მოსკოვს და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მოუწოდა, "პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის იურისდიქციისგან სახელმწიფოს მეთაურების იმუნიტეტს."
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის გამო. ორდერის თანახმად, ქვეყნები, რომლებმაც ICC-ის წესდების რატიფიცირება მოახდინეს, ვალდებულნი არიან დააპატიმრონ პუტინი და გადასცენ ჰააგის სასამართლოს, თუ ის მათ ტერიტორიაზე ჩავა.
მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოს უფლებამოსილებას.