სი ძინფინგი ზელენსკისთან საუბარში: ჩინეთი ნეიტრალურია და მშვიდობის მხარესაა
ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინფინგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს 2 ქვეყნის ლიდერს შორის პირველი კონტაქტი იყო.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის (CCTV) ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კონფლიქტში ჩინეთი ნეიტრალურია და ერთადერთ გამოსავლად მოლაპარაკებები დაასახელა.
თავის მხრივ ჩინელ კოლეგასთან საუბარში ზელენსკის განაცხადა, რომ კომპრომისი ვერ იქნება მიღწეული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. საუბრის შემდეგ საკუთარ ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ "გრძელი და შინაარსიანი საუბარი 2 ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ახალ იმპულსს მისცემდა."
სი ძინფინგთან საუბრის შემდეგ, ვოლოდიმი ზელენსკიმ დანიშნა ელჩი ჩინეთში. თავის მხრივ, უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით შექმნილი დელეგაციის ხელმძღვანელად სი ძინფინგმა, რუსეთში ჩინეთის ყოფილი ელჩი დანიშნა. მოსალოდნელია, რომ ლი ჰუეი უკრაინას მომდევნო კვირებში ეწვევა.
კონტექსტი
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საგარეო უწყებების და ოფიციალური პირების განცხადებებში არ ფიგურირებს ისეთი სიტყვები როგორიცაა: უკანონო ომი ან შეჭრა, ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიმდინარე კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
მიმდინარე წლის 24 თებერვლას ჩინეთმა წარმოადგინა ე.წ. 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელშიც არაფერია ნათქვამი უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე.