სიკორსკი: უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსეთის გაყინული აქტივები უნდა გამოვიყენოთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული ფული არა მხოლოდ უკრაინის აღდგენას, არამედ მის დაცვასაც უნდა მოხმარდეს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა ჯერ არ არის იურიდიული, რომ კაპიტალის პროცენტი (რუსეთის კაპიტალი, რომელიც გაყინეს ევროკავშირის ქვეყნებმა - რედ.) გამოყენებული იქნება უკრაინის სასარგებლოდ," - განაცხადა მინისტრმა.
"პირადად მე მინდა უფრო შორს წავიდე. მიმაჩნია, რომ აგრესორმა გადაიხადოს თავისი აგრესიის შედეგებისთვის. ვინაიდან ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსეთი არ მიიღებს ამ ფულს მანამ, სანამ არ გადაუხდის უკრაინას რეპარაციას, უმჯობესია გამოვიყენოთ აგრესიის შედეგების თავიდან ასაცილებლად, უკრაინის დასაცავად და არა მხოლოდ მისი აღდგენისთვის." – ხაზგასმით აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს დამატებით 5 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც ევროპის მშვიდობის ფონდის ინიციატივის ნაწილი.
"ეს ნიშნავს, რომ ის, რასაც ქვეყნები აწვდიან უკრაინას, დაუბრუნდებათ, ხოლო ვინც არ გადასცემს უკრაინას, შეიტანს შენატანებს (ევროპის მშვიდობის ფონდში). ანუ ევროპაში ერთი ქვეყნის (უნგრეთის) გარდა არავინ დარჩება სქემის გარეთ." – განმარტა სიკორსკიმ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია ცდილობს დააჩქაროს მექანიზმის დამტკიცება, რომელიც საშუალებას მისცემს გამოიყენოს თანხები გაყინული რუსული აქტივებიდან, რათა უკრაინამ ივლისში მიიღოს პირველი ტრანში - 2-3 მილიარდი ევრო.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, რომ G7-ის ქვეყნებმა მიაღწიონ პროგრესს რუსული სუვერენული აქტივების დახარჯვაზე 2024 წლის ივნისის სამიტამდე.