სიმფეროპოლთან რუსი მესაზღვრეების ბაზაზე აფეთქება მოხდა
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის მახლობლად, რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ Радио Свобода წერს.
"სამშაბათს საღამოს, რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ სევასტოპოლში აფეთქებების ხმების შესახებ. Радио Свобода-მ გაარკვია, რომ სინამდვილეში აფეთქება მოხდა რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე სიმფეროპოლთან." - წერს გამოცემა.
გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია აფეთქების ადგილის გეოლოკაცია: ეს არის მესაზღვრეების ყოფილი საწვრთნელი ბაზა, ჯაბანაკის მიდამოში, სოფელ შკოლნოიეს მახლობლად, სიმფეროპოლის აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში.
კონტრშეტევის დაწყებამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში რუსების საცავების, ბაზების და სხვა ობიექტების დაბომბვა დაიწყო.
29 აპრილის ღამეს ე.წ. "სევასტოპოლის გუბერნატორმა" მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ კაზაკთა ყურეში საწვავის საცავი იწვოდა. ხანძრის მიზეზი, მისი თქმით, უკრაინული დრონის თავდასხმა გახდა.