სირსკი: რუსული არმიის შეტევა წარუმატებელია
რუსეთის საოკუპაციო არმიის სარდლობამ ბოლო თვეებში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მტერი რამდენიმე მიმართულებით აგრძელებს წინსვლას და ამის რესურსი აქვს, მაგრამ ზოგადად რუსული არმიის ზამთრის შეტევა წარმატებული არ არის.
"მეტსაც ვიტყვი, რომ რუსული არმიის შეტევა მარცხდება... მათ არაერთხელ დაისახეს მიზნად გარკვეული დასახლებების აღების, გარკვეულ ხაზებამდე მიღწევის ვადები, შემდეგ კი ეს გადაავადეს - მათ ნამდვილად ვერ მიაღწიეს ამ მიზნებს" - აღნიშნა სახმელეთო ჯარების სარდალმა.
მანამდე სირსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სევერსკის მიმართულებით მტრის შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის მზადება მიმდინარეობს და რუსები შეტევით დაჯგუფებებს ქმნიან.
ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ასევე დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალები მორიგი შეტევისთვის ემზადებიან სინკოვკას მახლობლად, კუპიანსკის მიმართულებით.