სირსკი: ვაგნერელები ბახმუტის ცენტრში შეღწევას ცდილობენ

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ დონეცკის რეგიონში ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია - დამპყრობლები არ წყვეტენ თავდაცვითი ძალების პოზიციების გარღვევის მცდელობებს და ქალაქის ცენტრზე შეტევას, მაგრამ დიდი ზარალი აქვთ.

ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

"ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია. ვაგნერის რაზმები რამდენიმე მიმართულებით გვიტევენ, ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ქალაქის ცენტრალურ რაიონებში წინ წავიდნენ." - აცხადებს სირსკი.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მძიმე ბრძოლებში დროს უკრაინელი ჯარისკაცები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დამპყრობლებს.

სახმელეთო ჯარების მეთაურმა თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები საარტილერიო ცეცხლით, ტანკებითა და სხვა იარაღით იგერიებენ ქალაქის აღების ყველა მცდელობას და ბახმუტის დაცვა გრძელდება.

12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ბახმუტის მიმართულებით 1100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 1500 დაიჭრა, ასევე განადგურდა 10-ზე მეტი საბრძოლო მასალის საცავი.

მსგავსი სიახლეები