სლოვაკეთი: რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინას თვითმფრინავებს გადავცემთ

სლოვაკეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ არ შეიცვლება, მაშინაც კი, თუ ამას ქვეყნის მოსახლეობა არ ეთანხმება. ამის შესახებ Euronews-ის ცნობით, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება, შეაჩეროს ან დაბლოკოს სამხედრო ტექნიკის შემდგომი გადაცემა უკრაინისთვის.

"მაგრამ ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს - ისინი ამას იმსახურებენ. და ჩვენ კარგად გვესმის, რა არის ოკუპაცია", - თქვა ნაგიმ.

Euronews-ს მოჰყავს GLOBSEC კვლევითი ცენტრის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს უკრაინისთვის იარაღის გადაცემას, რომელიც თავს რუსული აგრესიისგან იცავს.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ მაშინ, როცა გამოკითხულთა 62% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, 37% კვლავ მოსკოვს სლოვაკეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს.

25 ივლისს ნაგიმ განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს უკრაინისთვის 11 MiG-29 გამანადგურებლის გადაცემის შესაძლებლობას და მზად არის მიწოდების პირობების "ფართო განხილვისთვის". ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ აგვისტოს ბოლოდან ჩეხეთი და პოლონეთი აიღებენ სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დაცვაზე პასუხისმგებლობას და სლოვაკური თვითმფრინავები უკრაინას გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები