სლოვაკეთის პარლამენტმა პროკურატურის ოფისის გაუქმებას მხარი დაუჭირა
სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პროკურატურის ის ოფისი, რომელიც კორუფციას, ექსტრემისტულ საქმიანობას და ორგანიზებულ დანაშაულს იძიებს, გაუქმდება.
სლოვაკეთის 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებებით, კორუფციისთვის დაწესებული სასჯელი და დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. გარდა ამისა, ქრთამის აღებასთან, კორუფციულ გარიგებებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ექსტრემიზმთან და ა.შ. დაკავშირებულ საქმეებს რეგიონული ოფისების პროკურორები გამოიძიებენ, რომლებიც ბოლო 20 წელია მსგავსი საქმეების განხილვითა და გამოძიებით არ არიან დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ფიცოს მთავრობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გამომძიებლები და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მასშტაბურ კორუფციულ საქმეებს იძიებდნენ, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ დემონსტრაციები ბრატისლავასა და სლოვაკეთის სხვა ქალაქებში ორი თვის წინ დაიწყო.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას.
კონტექსტი
30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა. კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.
რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს მოახერხა, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.