სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, რათა რუსეთის აგრესია დაასრულოს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა კიევის მიერ ტერიტორიის ნაწილის დათმობაა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ Politico წერს.
"უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი", - განუცხადა ფიცომ შაბათს სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVS-ს. "რას ელიან ისინი, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასს და ლუჰანსკს? ეს არარეალურია."
პრორუსმა პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება დეკემბერში მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისმა მემარცხენე-პოპულისტურმა პარტია Smer-მა სექტემბრის არჩევნები მოიგო. მან პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას შეწყვეტდა, დაბლოკავდა კიევის პოტენციურ წევრობას ნატოში და დაუპირისპირდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ფიცომ გაიმეორა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ეწინააღმდეგება. ის მალე უკრაინის პრემიერ დენის შმიჰალს შეხვდება.
"მე მას ვეტყვი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი ვარ და ამას ვეტოს დავადებ," - განაცხადა ფიცომ. "ეს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი იქნება და სხვა არაფერი."
"უკრაინა არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა", - განაგრძო ფიცომ. "ამერიკის შეერთებული შტატების სრული გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის."
მისი თქმით, უკრაინა სლოვაკეთის მთავრობისგან იარაღს ვერ მიიღებს და აღნიშნა, რომ უკრაინა "ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში."
გასულ კვირას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს დეკემბერში, ევროკავშირის დახმარების პაკეტის დაბლოკვაში.
"არასდროს დავეთანხმები, რომ ქვეყანა თავისი სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გამო დაისაჯოს. მე არასოდეს დავეთანხმები უნგრეთზე ასეთ თავდასხმას," - თქვა ფიცომ სამშაბათს, ბუდაპეშტში, ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.