სლოვაკეთში ევროპარლამენტის არჩევნები პრო-ევროპულმა პარტიამ მოიგო - არაოფიციალური შედეგები
სლოვაკეთში ევროპარლამენტის არჩევნებში პირველი ადგილი ოპოზიციურმა პარტიამ "პროგრესულმა სლოვაკეთმა" დაიკავა, მეორეზე კი პრემიერ რობერტ ფიცოს პარტია გავიდა.
ამის შესახებ Aktuality პოლიტიკური პარტიების არაოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
არაოფიციალური შედეგებით, "პროგრესულმა სლოვაკეთმა" ხმების - 27.8% მიიღო, ხოლო რობერტ ფიცოს პარტიამ SMER-მა - 24.8%.
სლოვაკებმა ხუთი წლის ვადით ევროპარლამენტის 15 დეპუტატი აირჩიეს (სულ 720 დეპუტატია. - რედ.). სავარაუდოა, რომ "პროგრესული სლოვაკეთი" 15-დან 6 მანდატს მიიღებს, ხოლო SMER - 5.
SMER-ისთვის ეს შედეგი 2019 წლის არჩევნებთან შედარებით დიდი წარმატებაა, რადგან მაშინ პარტიამ მხოლოდ ორი მანდატი და 10%-ით ნაკლები მიიღო. წელს საუკეთესო შედეგი ასევე "პროგრესულ სლოვაკეთს" აქვს, რომელმაც ბოლო არჩევნებში პარტია Spolu-სთან კოალიციაში 4 მანდატი მიიღო.
მესამე ადგილი (12.5%) დაიკავა ულტრამემარჯვენე "რესპუბლიკურმა პარტიამ", რომელსაც ზოგჯერ ნაცისტურსაც უწოდებენ. პარტია ანტი-უკრაინული პოზიციებით გამოირჩევა.
მეოთხე ადგილზე (7.18%) ახლადარჩეული პრეზიდენტის და ფიცოს თანამებრძოლის, პიტერ პელეგრინის მიერ დაარსებული პარტია "ხმა" გავიდა.
მეხუთე ადგილი "ქრისტიან-დემოკრატიულმა" მოძრაობამ (7.15%) დაიკავა.
Aktuality-ს წყაროების ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 34%-ს აღემატებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 1.5 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. ხუთი წლის წინ აქტივობა უფრო დაბალი იყო - 22.74%.