სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა
7 თებერვალს სლოვაკეთის პარლამენტის წინ ათასობით შეკრებილმა ადამიანმა, პროკურატურის ოფისის, რომელიც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებებს იძიებს, დახურვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეპუტატებმა სისხლის სამართლის კოდექსში შეთავაზებული ცვლილებების განხილვა დაასრულეს. მმართველმა უმრავლესობამ კენჭისყრა ხუთშაბათისთვის გადადო.
რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ დემონსტრაციები ბრატისლავასა და სლოვაკეთის სხვა ქალაქებში ორი თვის წინ დაიწყო. პროტესტანტები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ.
”ფაქტია, რომ მათ თქვენი ეშინიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი ხვალ დასრულდება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია“, - მიჰალ შიმეჩკა, ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერი.
კანონპროექტს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცება ესაჭიროება. რობერტ ფიცოს კოალიციას 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 79 მანდატი აქვს. პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლება აქვს. გარდა ამისა, არსებობს კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა, სამთავრობო კოალიციას ვეტოს უბრალო უმრავლესობით დაძლევა შეუძლია.
დაგეგმილი ცვლილებებით, კორუფციისთვის დაწესებული სასჯელი და დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. გარდა ამისა, ქრთამის აღებასთან, კორუფციულ გარიგებებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ექსტრემიზმთან და ა.შ. დაკავშირებულ საქმეებს რეგიონული ოფისების პროკურორები გამოიძიებენ, რომლებიც ბოლო 20 წელია მსგავსი საქმეების განხილვითა და გამოძიებით არ არიან დაკავებული.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას. „ცვლილებები მაფიის წარმომადგენლებისა და კორუმპირებული ადამიანებისთვის ამნისტიას გამოიწვევს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ სამართლიანობას დავიცავთ“, - მიჰალ შიმეჩკა, ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ ფიცოს მთავრობის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გამომძიებლები და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მასშტაბურ კორუფციულ საქმეებს იძიებდნენ, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
კონტექსტი
30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა. კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ. რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეოთხედ მოახერხა.
მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს მოახერხა, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.