СNN-ის წყაროები: ზალუჟნი შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლომდე გადააყენონ

ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე გადაწყვეტილი აქვს თანამდებობიდან გადააყენოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსადალი, ვალერი ზალუჟნი და შესაძლოა შესაბამისი განკარგულება მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოსცეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადაყენების შესახებ მიმდინარე კვირას უკრაინულ მედიებთან ერთად, რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ დაწერა. 

CNN-ის ცნობით, 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ აცნობა ზალუჟნის, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა შესაბამის განკარგულებას ხელი ჯერ არ მოაწერა.

ზალუჟნის შემცვლელების შესაძლო კანდიდატურებს შორის ყველაზე ხშირად სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი და ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების სარდალი, ალექსანდრ სირსკი სახელდებიან. 

31 იანვარს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხობს, რომ ЗСУ-ს მთავარსარდლად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ამერიკულ ტელეარხთან არ ისაუბრებს.  

კონტექსტი

ვალერი ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია წერენ როგორც უკრაინული, ასევე დასავლური წყაროებიც. 

ამ დაპირისპირებამ საჯარო სივრცეში ბოლო თვეებში გადმოინაცვლა და პოლემიკის სახეც მიიღო. დაპირისპირება განსაკუთრებით ხილვადი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის 5-თვიანი წარუმატებლობის ფონზე ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი ჩიხურ ეტაპზე გადავიდა. 

ზალუჟნის შეფასებას საჯაროდ არ დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკი. მალევე კიევში მყოფ ტაბლოიდ The Sun-ის ჟურნალისტთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სამხედრო ლიდერები პოლიტიკით დაკავებულები არ უნდა იყვნენ."

დეკემბრის დასაწყისში უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არმიის ზოგ გენერლებთან ზალუჟნის გვერდის ავლით ურთიერთობს. 

გაზეთი წერდა, რომ ზელენსკი პირდაპირ ეკონტაქტება ЗСУ-ს აღმოსავლეთ ფრონტის სარდალს, ალექსანდრ სირსკის და საჰაერო ძალების მეთაურს, მიკოლა ოლეშუკს.

წყაროები ამბობდნენ, რომ ეს ზალუჟნის რთულ ვითარებაში აყენებდა და ძირს უთხრიდა არმიის ეფექტურ მართვას. ამავე ცნობების, მიხედვით ზალუჟნი ზელენსკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ არის და მათ შესახებ მედიიდან იგებს. 

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მედიისგან გაიგო ზალუჟნიმ ყველა სამხედრო კომისარის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ზელენსკიმ გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა. იმავე უკრაინული პრავდის ცნობით, პრეზიდენტის ოფისის მხრიდან მის კომპეტენციაში ჩარევაზე ზალუჟნი კიევში ვიზიტით მყოფ ლოიდ ოსტინსაც ესაუბრა, აშშ-ს თავდაცვის მდივანს. 

გასულ თვეებში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი უარყოფდა ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, თუმცა იყო გამონაკლისებიც. პრეზიდენტის ფრაქციის ერთ-ერთი სპიკერი, მარიანა ბეზუჰლა დეკემბრიდან მოყოლებული პერიდულად ღიად ესხმოდა თავს ვალერი ზალუჟნის და მას გადადგომისკენ მოუწოდებდა. 

ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ცნობები ტელეგრამის უკრაინულ სეგმენტში 29 იანვრის საღამოს საოცარი სისწრაფით გავრცელდა. ზელენსკის მიერ ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილების შესახებ წერდნენ უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტები და არმიასთან დაკავშირებული წყაროები. 

თითქმის 2-საათიანი დუმილის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ იმავე ტელეგრამში გამოაქვეყნა მოკლე შეტყობინება - "არა ჟურნალისტებო, ეს არ არის მართალი." მოგვიანებით ზალუჟნის გადაყენება უარყო ზელენსკის პრესსპიკერმა, სერჰი ნიკიფოროვმაც. 

ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებული ხმების შესახებ არაფერი უთქვამს. დაუთარიღებელი და უწარწერო ფოტოთი გამოეხმაურა ცნობებს ვალერი ზალუჟნი - Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოში უკრაინის არმიის სვიტერებში ჩაცმულები ზალუჟნი და გენშტაბის უფროსი, სერჰი შაპტალა ჩანან. 

ფრონტზე არსებული რთული მდგომარეობისა და საერთაშორისო დახმარების კლების გათვალისწინებით ზალუჟნის გადაყენებამ შესაძლოა სამხედროებისა და პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს. 

"ეჭვგარეშეა, რომ ეს (რედ: ზალუჟნის გათავისუფლება) ძალიან უარყოფითად აისახება არმიის მორალზე"- ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი, მიხაილო ჟიროხოვი. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, 2024 წელი უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ამ ფონზე კი ზალუჟნის გადაყენებამ შესაძლოა უფრო გაართულოს დასავლელ პარტნიორებთან და გენერლებთან კომუნიკაცია. 

დასავლური პრესის მიერ რკინის გენერლად მონათლული 50 წლის ვალერი ზალუჟნი, ЗСУ-ს მთავარსარდლის პოსტზე 2021 წლის ზაფხულში თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა. უმთავრესად სწორედ გენერალ ზალუჟნის სახელსა და გადაწყვეტილებებს დაუკავშირდა ЗСУ-ს წარმატებები ომის პირველ წელს, მათ შორის დედაქალაქის დაცვის ოპერაციაც. 

2022 წლის მეორე ნახევარში ზალუჟნის ხელმძღვანელობით უკრაინის არმიამ ერთდროულად 2 კონტრიერიში წამოიწყო: ხარკივის ოლქში ელვისებური დარტყმის ფონზე, უკრაინის არმიამ რამდენიმე დღეში ათეულობით ქალაქი და 10 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა. 11 ნოემბერს უკრაინის არმიამ ასევე დაასრულა ქალაქ ხერსონის დეოკუპაცია. 

არმიის მიმართ ნდობის არნახული ზრდის პროპორციულად იზრდებოდა ვალერი ზალუჟნის რეიტინგიც. წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისის მიერ ჩატარებული დახურული სოციოლოგიურ გამოკითხვებში ვალერი ზალუჟნის მხარდაჭერის მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია. 

ერთ-ერთ ბოლო ასეთ კვლევის შედეგებს Українська правда გაეცნო - გაზეთის ცნობით, შესაძლო არჩევნების შემთხვევაში ზელენსკი მეორე ტურში გავა, თუმცა მთავარი მიგნება ის იყო, რომ მეორე ტურში ის შესაძლოა ვალერი ზალუჟნისთან დამარცხდეს.

სავარაუდოა, რომ სწორედ ზალუჟნის მაღალი რეიტინგითა და მისი შესაძლო პოლიტიკური პერპექტივიდან გამომდინარე ზელენსკი თავის იკავებდა გადაწყვეტილებისგან.  

მსგავსი სიახლეები