SOCAR ისრაელის სიდიდით მეორე გაზის საბადოს 10%-იან წილს შეისყიდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) თამარის ბუნებრივი აირის რეზერვუარის 10%-იან წილს შეისყიდის. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე საბადო ისრაელელ ბიზნესმენს, აარონ ფრენკელს ეკუთვნის.

შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა წილი Union Energy-სგან იყიდა, რომელსაც ფრენკელი აკონტროლებს. ჯერ კიდევ 2022 წელს ფრენკელმა თამარის გაზის საბადოში 11%-იანი წილი აბუ დაბის Mubadala Petroleum-ისგან, 520 მილიონ დოლარად იყიდა.

2009 წელს აღმოჩენილ თამარის საბადოზე გაზის მოპოვება 2013 წელს დაიწყო. ისრაელის სიდიდით მეორე რეზერვუარში, რომელიც ჰაიფას დასავლეთით (90 კილომეტრში), ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს, დაახლოებით 283 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია.

SOCAR-მა თქვა, რომ შეთანხმება არის "წარმოების გასაფართოებლად სტრატეგიული აქტივების წილების უცხო ქვეყნებში შეძენის" გეგმის ნაწილი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ აღნიშნა, რომ "შეთანხმება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ გაფორმდა."

ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი Chevron 25%-იან წილს ფლობს თამარის გაზის საბადოში. ისრაელის გაზის რეზერვუარის სხვა მმართველი პარტნიორები არიან Isramco, Tamar Investment 2, Tamar Petroleum და Dor Gas.

ისრაელმა ბუნებრივი აირის საბადოები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ათ წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინა, რის შემდეგაც გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ისრაელი თამარის საბადოდან იორდანიაში გაზის ექსპორტს 2017 წლის იანვრიდან ახორციელებს.

კონტექსტი

აზერბაიჯანი და ისრაელი ახლო სამხედრო პარტნიორები არიან. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, აზერბაიჯანული იარაღის იმპორტის 60%-ზე მეტი 2017-2020 წლებში ისრაელიდან შემოვიდა, რაც იმავე პერიოდში ისრაელის ექსპორტის 13%-ს შეადგენს. SIPRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანმა 2010-2020 წლებში ისრაელიდან იყიდა უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტები, ნაღმტყორცნები და ა.შ.

OEC-ის მონაცემებით, 2021 წელს ისრაელმა ნედლი ნავთობის 65% აზერბაიჯანიდან იყიდა.

გარდა ამისა, ორი სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს სადაზვერვო სააგენტოების დონეზე, რადგან აზერბაიჯანი ისრაელის მთავარ მოწინააღდეგეს, ირანს ესაზღვრება. დასავლური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ისრაელის დაზვერვას უფლება მისცა მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოიყენოს.

მსგავსი სიახლეები