სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 15 თებერვალს გაემგზავრება. Эхо Кавказа-ს ცნობით, ანკარაში არარატ მირზოიანი თავის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომეხი მაშველების ჯგუფს შეხვდება, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთის ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ.

მირზოიანმა იანვარში, პარლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა, რომ აპირებდა თურქეთში ჩასვლას და ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მიღებას: "ისევე როგორც გასულ წელს, მე მივიღე მოწვევა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად და ამ ფორუმში მონაწილეობას მივიღებ, სადაც ასევე უნდა იყოს შეხვედრა და დისკუსია."

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს 2022 წლის მარტში, ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები