სომხეთში საპროტესტო აქციებზე 50 ადამიანი დაშავდა
3 ივნისს სომხეთში, ერევანში, სამთავრობო აგარაკებთან ოპოზიციის აქცია გაიმართა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს ცნობით, 50 დაშავებულს შორის 34 პოლიციელი და 16 მშვიდობიანი მოქალაქეა. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
სხვა დაზარალებულებს დაზიანებების პირველადი დახმარება გაეწიათ.
სომხეთის პოლიცია იტყობინება, რომ აქციის მონაწილეები ბოთლებს, ქვებს და ლითონის საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს. პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა.
ოპოზიციური ფრაქციის "ჰაიასტანის" დეპუტატმა არტურ ხაჩატრიანმა რადიო Azatutyun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაკავებულია მისი კოლეგა, დეპუტატი არტურ სარგსიანიც. ეს ინფორმაცია ამავე ფრაქციის დეპუტატმა გეგამ მანუკიანმაც დაადასტურა. თუმცა პოლიციას ამის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ოპოზიციამ ჯერ საფრანგეთის მოედანზე გამართა აქცია, შემდეგ ორი საათით გადაკეტა მთავრობის შენობის შესასვლელები, რის შემდეგაც სამთავრობო აგარაკებზე გადავიდა.
აქციას წინ უძღოდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩავარდნა. ოპოზიციამ მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადების მიღება მოითხოვა. კერძოდ, ოპოზიციას სურდა განცხადებაში ეთქვა, რომ მთიანი ყარაბაღი არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის შემადგენლობაში. თუმცა, მმართველმა უმრავლესობამ შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს იყო ყალბი პოლიტიკური დღის წესრიგი.