Spiegel: გერმანია Nord Stream 2-ის ნაწილის ექსპროპრიაციას განიხილავს
გერმანიას სურს გამოიყენოს Nord Stream 2 მილები ბალტიის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალთან დასაკავშირებლად, რისთვისაც საჭიროა მილსადენის ნაწილის ექსპროპრიაცია. ამის შესახებ 24 ივნისს Spiegel-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
გამოცემის ცნობით, გეგმას გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტრო ახორციელებს. განიხილება გერმანიაში მდებარე მილსადენის ნაწილის ექსპროპრიაციის და დანარჩენი ნაწილისგან მოწყვეტის შესაძლებლობა. მთავრობის მიერ განხილულ მოდელში, ხმელეთიდან ზღვამდე მიმავალი გაზსადენები შეიძლება დაკავშირებული იყოს თხევადი აირის მობილურ ტერმინალთან.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მილსადენის ტექნიკური დანაწევრება და დაჭრა "აშკარად შესაძლებელია", მაგრამ თითოეული ნაბიჯი მოითხოვს გეგმის დამტკიცებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
ამის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო Nord Stream 2-ის პარალელურად გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას სწავლობს.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ეძებენ დამატებით ადგილებს თხევადი გაზის ტერმინალებისთვის და "მნიშვნელოვანი ფაქტორია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის საკითხი".
2022 წლის 22 თებერვალს გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ის სერტიფიცირებას. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინმა 21 თებერვალს განაცხადა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.