სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დაიწყო
სტამბოლში თურქეთის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო გზების გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სააგენტო AFP ავრცელებს.
ეს არის პირველი მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის გაეროსა და თურქეთის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც მიზნად ისახავს "სასურსათო კრიზისის" დაძლევას, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადით.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მხარეებმა უნდა განიხილონ მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო დერეფნების ფუნქციონირება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხები უკრაინული მხარის პოზიციის ძირითად ელემენტად დარჩება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ "ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული" და თუ მოსკოვს ნამდვილად სურს მარცვლეულისთვის გზის გახსნა, უკრაინა მზად არის ექსპორტის დასაწყებად. მისი აზრით, უკრაინა და რუსეთი საბოლოო გადაწყვეტილებამდე "ორი ნაბიჯით არიან დაშორებული".