სტოლტენბერგი: ფინეთი ნატო-ს რამდენიმე დღეში შეუერთდება
თურქეთის პარლამენტის მიერ ფინეთის ნატო-ში გაწევრების რატიფიკაციის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ფინეთი ნატო-ს ფორმალურად რამდენიმე დღეში შეუერთდება.
განცხადებაში იენს სტოლტენბერგი შვედეთის რატიფიკაციის პროცესთან დაკავშირებითაც საუბრობს:
"ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის რატიფიკაციის პროცესის სწრაფად დასრულება ყველას ინტერესებშია.
ველოდები, რომ რაც შეიძლება მალე მივიღებთ შვედეთს ნატო-ს ოჯახის სრულფასოვან წევრად".
გუშინ ღამემდე ნატო-ს 30 წევრი ქვეყნიდან თურქეთი ბოლო იყო, რომელსაც ფინეთის მიღების რატიფიცირება არ ჰქოდნა შესრულებული. ამდენად, ალიანსის კიდევ ერთი წევრით გაფართოებას წინ აღარაფერი უდგას.
იგივე არ ეხება შვედეთს. თურქეთი და უნგრეთი შვედეთის მიღების რატიფიცირებას ამ დრომდე არ ახდენენ.
თურქები ჩივიან, რომ შვედეთი ქურთ ამბოხებულებსა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებს სათანადოდ არ სჯის. ანკარა ორივე ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.
უნგელების თქმით კი მათთვის მიუღებელია შვედების მხრიდან პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის კრიტიკა.