სტოლტენბერგი: პუტინს სურდა ნატოს ნაკლები ჯარი მის საზღვრებთან, მიიღებს მეტს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები გააგრძელებენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამის შესახებ 16 მარტს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"პრეზიდენტ პუტინის მიზანი ნატოს გაყოფა იყო, მაგრამ მან უფრო ერთიანი ნატო მიიღო. მას სურდა ძირი გამოეთხარა უკრაინისთვის, მაგრამ რეალურად აძლიერებს უკრაინის ერთიანობას. მას სურდა ნატოს ნაკლები ჯარი თავის საზღვრებთან, ის მიიღებს კიდევ უფრო მეტ ნატოს ჯარისკაცს თავის საზღვრებთან", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ნატომ "თავდაცვის გეგმები გააქტიურა".
"ამჟამად ალიანსის ასობით ათასი ჯარისკაცია მზადყოფნაში - 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში და დაახლოებით 40,000 ჯარისკაცი, რომელიც ნატოს უშუალო მეთაურობის ქვეშ არის, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში." - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ სახმელეთო ჯგუფებს აქვთ საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერა.