სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება მთელი მსოფლიოს პრობლემაა
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შავ ზღვას ნატოსთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ მდებარე სამი სახელმწიფო - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი - ნატოს წევრები არიან, ხოლო უკრაინა და საქართველო ალიანსის პარტნიორები არიან.
"ასე რომ, შავ ზღვას ნატოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შავი ზღვა და უკრაინის ნავსადგურები უმნისვნელოვანესია მარცვლეულისა და საკვების დანარჩენ მსოფლიოში ექსპორტისთვის. ამდენად, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის პრობლემაა, რაც მთელ მსოფლიოში სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს ბლოკადა დასრულდეს და უკრაინას კვლავ მიეცეს საშუალება მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს მსოფლიო ბაზარზე, რათა გამოკვებოს ხალხი და შეამციროს საკვების ფასები მთელ მსოფლიოში." - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას შავ ზღვაში.