სტოლტენბერგი: შვედეთი და ფინეთი ნატოში 2023 წელს შევლენ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში ინტეგრაცია, 2023 წელს დასრულდება.
სტოლტენბერგი "აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება."
ალიანსის ხელმძღვანელს უფრო ზუსტი ვადები არ დაუსახელებია, თუმცა, მისი შეფასებით, თურქეთი დიდი ხნით არ დაბლოკავს ამ ქვეყნების მიღებას.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი, 21-22 დეკემბერს ანკარას ეწვია, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
19 დეკემბერს, შვედეთის უზენაესმა სასამართლომ, თურქეთში, ჟურნალისტ ბულენ კენესის ექსტრადირება შეაჩერა. ჩავუშოღლუმ გადაწყვეტილებას "უკიდურესად უარყოფითი" უწოდა. ჟურნალისტის, როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) ასოცირებული პირის ექსტრადირება, თურქეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის.
ბილსტრომთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ თქვა, რომ შვედეთი შეთანხმებების შესრულების "შუა გზაზეც" არ იყო.
როგორც სააგენტო dpa წერს, ანკარას პოზიციაზე გარკვეული გავლენა, ნატოს პარტნიორების შეიარაღების ერთ-ერთ პროგრამაში გაწევრიანებამ შესაძლოა იქონიოს.
უახლოეს წარსულში, თურქეთი მეხუთე თაობის თვითმფრინავების, F-35-იების წარმოების პროგრამიდან, აშშ-მ გარიცხა. ანკარამ ინიციატივაში დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო, მაგრამ 2019 წელს, პროგრამიდან გარიცხეს, რადგანაც რუსეთისგან S-400-ების შეიძინა.