სტოლტენბერგი: თურქეთი და შვედეთი მოლაპარაკებებს ამ თვეში გამართავენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა შვედეთთან მორიგი შეხვედრის გამართვას, რომელიც ივნისის ბოლომდე გაიმართება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "შვედეთმა მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა თურქეთის შეშფოთების დასაკმაყოფილებლად."

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე 2022 წლის მაისში განაცხადეს, თუმცა თურქეთმა და უნგრეთმა, ამ ორი ქვეყნის გაწევრიანების საპარლამენტო დამტკიცების პროცესი გააჭიანურეს. საბოლოოდ, ფინეთს უფლება მისცეს გაწევრიანებულიყო, მაგრამ შვედეთის შემთხვევაში თურქეთი ამ დრომდე უარზეა.  

"წევრობა შვედეთს უფრო უსაფრთხოს, ხოლო ნატოსა და თურქეთს უფრო ძლიერს გახდის," - თქვა სტოლტენბერგმა.

"მოუთმენლად ველი შვედეთის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას."

დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ თურქეთი ხელს მოაწერს შვედეთის კანდიდატურას ახლა, როდესაც თურქეთის არჩევნები დასრულდა. ანკარასა და ბუდაპეშტზე ზეწოლა იზრდება, რათა დაასრულონ საპარლამენტო დამტკიცების პროცესი, სანამ ნატოს ლიდერები, მომავალ თვეში, ვილნიუსში სამიტზე შეიკრიბებიან.

კვირას, სტოლტენბერგმა, სამიტამდე შვედეთის გაწევრიანების მოთხოვნა, კიდევ ერთხელ გაიმეორა.

"ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ვილნიუსის სამიტამდე მოხდეს." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები