სტოლტენბერგი თურქეთის პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გამოსავალს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებს თურქეთთან შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. ამის შესახებ მან 1 ივნისს, ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ შეხვედრები გამართა სამი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და აპირებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ შეხვდეს მათ მაღალჩინოსნებს, შემდეგ კი "მიიღოს ზომები ფინეთისა და შვედეთის განაცხადების პროგრესის უზრუნველსაყოფად".
"ჩემი განზრახვაა, რომ ეს ყველაფერი ნატოს სამიტამდე მოხდეს. ამავდროულად, ვიცი, რომ პროგრესის მისაღწევად საჭიროა 30 მოკავშირის თანხმობა. ფინეთმა და შვედეთმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გაუმკლავდნენ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. და ნატოს ყველა მოკავშირე, რა თქმა უნდა, მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და განიხილონ ეს საკითხები, მათ შორის PKK-ის მიერ თურქეთისთვის შექმნილი საფრთხეები. და ეს არის ტერორისტული საფრთხე, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ჩვენ ვიცით, რომ ნატოს არცერთ სხვა მოკავშირეზე არ მომხდარა თურქეთზე მეტი ტერორისტული თავდასხმა. თურქეთი კი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, განსაკუთრებით მისი სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რომელიც ესაზღვრება ერაყსა და სირიას. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე არის შავი ზღვის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს რუსეთთან ახლოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ყველა ეს ფაქტორი თურქეთს მნიშვნელოვან მოკავშირედ აქცევს.
ჟურნალისტებმა ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხეს, რამდენად დარწმუნებულია, რომ თურქეთი შეწყვეტს სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატოში შესვლის ბლოკირებას.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გამოსავალს და დარწმუნებული ვარ, რადგან ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატოს გაფართოება იყო დიდი წარმატება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ნატოში აზრთა სხვადასხვაობაა და ერთად უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ნატოში, როდესაც ზოგიერთმა მოკავშირემ გამოხატა შეშფოთება და არის გარკვეული უთანხმოება, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, შეგვიძლია დავძლიოთ ეს განსხვავებები და შევთანხმდეთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ". - უპასუხა მან.