სუნაკი საახალწლო მიმართვაში უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ 2023 წელს მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2022 წელი იყო მკაცრი - როგორც კი მსოფლიომ გლობალური პანდემიისგან გამოჯანმრთელება დაიწყო, რუსეთმა დაიწყო "ბარბაროსული და უკანონო" შეჭრა უკრაინაში, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე.
სუნაკმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო "არ არის იმუნური" ამ ზემოქმედებისგან და ბევრმა ბრიტანელმა ეს იგრძნო. მისი თქმით, ამის გამო მის მთავრობას მოუწია "რთული, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება".
"მე არ ვაპირებ განვაცხადო, რომ ყველა ჩვენი პრობლემა ახალ წელს გაქრება, მაგრამ 2023 წელი დიდ ბრიტანეთს მისცემს შესაძლებლობას, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს მსოფლიო ასპარეზზე", - განაცხადა პრემიერმა.
მან პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას "პუტინის სისასტიკის წინააღმდეგ, დაიცავს თავისუფლებას და დემოკრატიას ყველგან, სადაც ისინი საფრთხის ქვეშ არიან".
პოლიტიკოსმა ასევე პირობა დადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს იქნება გამოწვევები და განსაცდელები, მისი მთავრობა პირველ ადგილზე ბრიტანელების პრიორიტეტებს დააყენებს.