თორნიკე გორდაძე: ბელარუსში მომხდარი სითავხედე არის სილის გაწნა დასავლეთისადმი
ბელარუსის ხელისუფლების მიერ ცნობილი აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დაკავებას და "რაინეარის" თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმას, უმაღლესი ეროვნული თავდაცვის ფრანგული ინსტიტუტის პროფესორი, თორნიკე გორდაძე გამოეხმაურა:
"ბელარუსში მომხდარი გაუგონარი სითავხედე არის ძალიან დიდი სილის გაწნა დასავლეთისადმი. იმ დასავლეთისადმი, რომელთან ურთიერთობის დალაგებას თავგანწირულად ცდილობდა ლუკაშენკო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზუსტად 2020-ის გაყალბებულ არჩევნებამდე.
ლუკაშენკომ თავი და ქვეყანა ჩაუგდო ბოლომდე რუსეთს ხელში. დამთავრდა მისი დამოუკიდებლობა, რადგან ხელისუფლება ვერ და არ დათმო არჩევნებით. პუტინი ახლა ბოლომდე გასრესს მას, დამცირებით, განადგურებით. სამაგალითოდ გადაუვლის წინა წლების ურჩობისთვის და მერე “მოხსნის”.
რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ხდება ლუკაშენკოს ბრალია, თუმცა საკუთრივ გუშინდელი ქმედების ირგვლივ არსებობს შემდეგი ვერსიაც. ვიმეორებ რომ ეს ვარაუდია, რომელსაც ზოგიერთი ჩემი ბელორუსი მეგობარიც გამოთქვამს:
Ryanair ის თვითმფრინავის გატაცება არ ყოფილა ლუკაშენკოს ბრძანება. ის ბელორუსმა ძალოვნებმა გააკეთეს და ის ფაქტის წინ დააყენეს. ბელარუსის ძალოვნებში და უშიშროებაში რუსეთის გავლენა ძალიან დიდია - ფაქტობრივად მათ მოსკოვი აკონტროლებს. მომხდარი ძალიან აძლევს პუტინს.
1. ლუკაშენკო ბოლომდე გამარგინალდა. დასავლეთთან მას უკვე ვერაფერი და ვერავინ შეარიგებს. ეს არის ბარბაროსობა რომელსაც კადაფი თუ ჩაიდენდა, ისიც ახალგაზრდობაში, ძალიან გიჟი რომ იყო, მაშინ.
2.გამარგინალებული ლუკაშენკო კიდევ უფრო მეტად პუტინის მონაა. აღარსად წასასვლელი არ აქვს. კაცი რომელიც დიდის ამბით იღებდა სტუმრად პომპეოს და ათობით “ვაგნერელს” აპატიმრებდა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ღიად მხარს უჭერდა სულ რაღაც 9-10 თვის წინ, გახდა პუტინის სათამაშო, რომელსაც ის დიდი სიამოვნებით დალეწავს საბოლოოდ.
3. ლუკაშენკოს ამ სახით არსებობა რუსეთის ლიდერს უქმნის კომფორტს. აი, თურმე მარტო ის არ ერჩის ოპოზიციას, აი მარტო პუტინი არ არის დიქტატორი ევროპის მეზობლად... ბევრ დამწყებ თუ wannabe დიქტატორს აუძგერდება გული ლუკაშენკოს “ვაჟკაცობაზე” და ყურადღებით დააკვირდება დასავლეთის რეაქციებს. აქ სხვაგანაც მივაპყროთ ჩვენი მზერა...
4. ამ ფაქტის შედეგად ზარალდება ევროპის იმიჯი და რეპუტაცია. რაც არ უნდა ქნას ევროკავშირმა ( და ლუკაშენკოს სამხედრო ძალით ვერ ჩამოაგდებენ), მისი რეაქცია ყველა შემთხვევაში ვერ იქნება მომხდარის საპირწონე. იქნება უფრო მეტი სანქციები, მეტი იზოლაცია ბელორუსის. დასავლური კომპანიებისთვის დაიკეტება მისი საჰაერო სივრცე და ა შ. ესეც კი პუტინს აძლევს ხელს საბოლოოდ.
5. ვირთხასავით გამოჭერილ ლუკაშენკოს პუტინი
ა. კიდევ უარესს საზიზღრობებს გააკეთებინებს დასავლეთის მიმართ - ლუკაშენკოს ხელით ჯობს რა თქმა უნდა ბინძური საქმეების კეთება.
ბ. თუ რაღაც ეტაპზე ევროპასთან დროებით, ტაქტიკურად დასჭირდა დაძაბულობის შემცირება, ლუკაშენკოს მოაშორებს. მაშინ აჭყლოპინდება სიხარულით ბევრი საჭირო იდიოტი და პუტინიც კვლავ “კონსტრუქციულ” დიალოგში შევა
კიდევ ერთხელ, ეს ვერსიაა. მსგავსი ვერსია მოგვაწოდეს ბელორუსიდან 2010 წელს, როცა მაშინდელი არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას ძალოვნები არნახული სიმხეცით დაერივნენ. ლუკაშენკო სხვადასხვა არხებით გვაფრთხილებდა, რომ შეცდომაში შემიყვანეს - მითხრეს ოპოზიცია შტურმით იღებს პარლამენტსო (მეთოდი ბევრს ეცნობა ალბათ).
არ ვიცი და არ მსურს ლუკაშენკოს სიტყვაზე ვენდო, არც მაშინ და არც ახლა, მაგრამ ერთი ფაქტია, მაშინაც და დღესაც ამით ყველაზე მეტად დიდი რუსეთი ხეირობს. რეგიონში კი დიდი ხანია ერთი კარგი ამბავიც არ გაგვიგია.