თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერზე: ფიცო მძიმე მდგომარეობაშია, "მომდევნო საათები გადამწყვეტია"
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, თავდასხმის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.
ფიცოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს "და ახლა სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაშია."
"ამ დროისთვის, ის ვერტმფრენით გადაჰყავთ ბანსკა ბისტრიცაში, რადგან ბრატისლავაში გადაყვანას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობის გათვალისწინებით. მომდევნო რამდენიმე საათი ყველაფერს გადაწყვეტს." - ნათქვამია განცხადებაში.
ფიცოს ფეისბუქზე არ არის დაკონკრეტებული ჭრილობების ბუნება, მაგრამ პორტალი Aktuality ირწმუნება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მუცლის არეში დაჭრეს. იგივე ინფორმაცია The Guardian-ს ფიცოს პარტიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს, მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ ესროლეს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, პრემიერი მიუახლოვდა მოქალაქეს, რომელიც მას ესალმებოდა და სწორედ ამ დროს გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა.