ტერაქტის შემდეგ პირველ კომენტარში პუტინმა უკრაინა დაადანაშაულა
ტერაქტის შემდეგ 19 საათში გავრცელებულ პირველ განცხადებაში ვლადიმირ პუტინმა უკრაინა ტერაქტის ორგანიზებასა და ტერორისტების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
პუტინმა დაადასტურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემები 4 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, მისი თქმით, ჯამურად დაკავებულია 11 ადამიანი.
მომხდარს პუტინმა სისხლიანი აქცია უწოდა, რომელიც მისი თქმით, "ნაცისტების ქცევას ჰგავს." პუტინმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ უწყებებსა და მედიკოსებს და დასძინა, რომ ყველა დამნაშავეს გაანადგურებენ.
ამასთანავე პუტინმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულები უკრაინის საზღვრისკენ მიემართებოდნენ - " საზღვრის უკრაინულ მხარეს ტერორისტებისთვის მომზადებული იყო ფანჯარა, რომლის გავლის შემდეგაც უნდა გაუჩინარებულიყვნენ."
კონტექსტი
კროკუს ჰოლზე განხორციელებული ტერაქტიდან მალევე რუსმა პროპაგანდისტებმა და ოფიციალურმა პირებმა ტერაქტში უკრაინას დადანაშაულება დაიწყეს.
ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ე.წ. უკრაინულ კვალზე განაცხადა დმიტრი მედვედევმა.
უკრაინული მხარე თავდასხმასთან რამენაირ კავშირს კატეგორიულად უარყოფს. უკრაინის ჩართულობას გამორიცხა თეთრი სახლის სპიკერმა სტრატეგიულ საკითხებში, ჯონ კირბიმ.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფო ავღანურმა დანაყოფმა (ISIS) აიღო. ამის შესახებ განცხადება ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
New York Times-ის ცნობით, ამერიკული დაზვერვა სარწმუნოდ მიიჩნევს ISIS K-ის განცხადებას.
ბოლო საათებში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. დაკავებულები არიან ტაჯიკეთის მოქალაქეები, რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება მათი დაკითხვის კადრებიც.