თეთრი სახლი მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ნაწილობრივი კონფისკაციის იდეას. ამ ინფორმაციას Bloomberg 10 იანვარს ავრცელებს.
თეთრი სახლი ზოგადად მიესალმება კანონს, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინულ აქტივებს რუსეთს ჩამოართმევს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ნოემბრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიგზავნა.
"ახალი კანონმდებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს აუცილებელ უფლებამოსილებებს უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციისთვის," - ნათქვამია სააგენტოს ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.
როგორც შემდგომში აღინიშნა, ბაიდენმა რუსული აქტივების კონფისკაციას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კონგრესში რესპუბლიკელებმა კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის შემდგომი დახმარების დაფინანსება შეერთებული შტატებისთვის ძალიან დიდი ფინანსური ტვირთის შიშის გამო დაბლოკეს.
სააგენტოს ცნობით, ამავდროულად არსებობს შეშფოთება, რომ რუსული აქტივების კონფისკაცია უარყოფითად იმოქმედებს აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე. გარდა ამისა, ვაშინგტონი ამ ნაბიჯის G7-ის მოკავშირეებთან კოორდინაციას აპირებს, განსაკუთრებით ევროპელებთან, რადგან დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები ევროკავშირის ქვეყნებშია განთავსებული.
2023 წლის ზაფხულში, ევროკავშირის სამუშაო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს რუსული აქტივების ჩამორთმევის სამართლებრივი გზა. ამის შემდეგ, ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა გაყინული სახსრების რეინვესტირების ვარიანტების შესწავლაზე, რათა ამ გზით მიღებული მოგება უკრაინის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯოს.