რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის უკრაინას აშშ-ს ჩუმი თანხმობა ჰქონდა - TIMES

რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კამპანიამ შეცვალა ამერიკული ადმინისტრაციის მიდგომა კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით და უკრაინას აქვს თანხმობა მიიტანოს იერიშები რუსეთის ტერიტორიაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული TIMES ავრცელებს.

"ესკალაციის მიმართ შიში კონფლიქტის საწყის ფაზასთან შედარებით არსებითად შეიცვალა. ჩვენ არ მოვუწოდებთ კიევს სად განახორციელონ იერიშები, მაგრამ როდესაც ისინი იყენებენ ჩვენს მიერ გადაცემულ შეიარაღებას, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ეს იარაღი გამოყენებული იქნას ჟენევის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით",- ამბობს წყარო გამოცემასთან საუბარში. 

ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კამპანიის დაწყების შემდეგ თეთრი სახლის კალკულაცია შეიცვალა - აღარ არის განცდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე მიმართული შეტევები კონფლიქტის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს. 

შესაბამისად უკრაინა დამოუკიდებლად წყვეტს სად და რა ობიექტებზე განახორციელოს შეტევები. 

კონტექსტი

ამერიკული ადმინისტრაცია ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინისთვის შორი მოქმედების შეიარაღების გადაცემისგან - მათ შორის შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებისა და 300 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტების გადაცემისგან. 

ცოტა ხნის წინ Wall Street Journal წერდა, რომ ამ მიზნით აშშ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ების მოდიფიკაციაც მოახდინა - უკრაინის განკარგულებაში მყოფ დანადგარებს არ შეუძლიათ 70 კილომეტრზე უფრო დიდი რადიუსის რაკეტების გაშვება. 

5 დეკემბერს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მუდმივი დისლოკაციის ავიაბაზებზე შეტევა განხორციელდა - სარატოვსა და რიაზანთან მდებარა ავიაბაზები ფრონტის ხაზიდან 500-700 კილომეტრითაა დაშორებული. 

უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ შეტევის უკან ЗСУ იდგა - უფრო მეტი ამ იერიშის შესახებ წაიკითხეთ აქ

მსგავსი სიახლეები