აშშ-მ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ების რადიუსი გამიზნულად შეამცირა - WSJ

აშშ-მ უკრანისთვის გადაცემული HIMARS-ების მოქმედების რადიუსი გამიზნულად შეამცირა და სისტემები უკრაინას იმგვარი მოდიფიკაციით გადასცა, რომელსაც არ შეუძლია შორი რადიუსის რაკეტების გაშვება. 

ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.

წყაროს თქმით, ადმინისტრაციის ასეთი სიფრთხილე აუცილებელია რუსეთთან უფრო მასშტაბური კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. 

მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ აშშ-მ უკრაინას ჯამურად HIMARS-ის 20 დანადგარი გადასცა, რომელიც ამ დრომდე უკრაინის ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური შეიარაღებაა. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, HIMARS-ებმა მნიშვნელოვნად გაანეიტრალა რუსეთის უპირატესობა საარტილერიო დანადგარებში. ამერიკული სისტემების მეშვეობით უკრაინელებმა შეძლეს გაენადგურებინათ ოკუპანტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ხაზები, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების საწყობები მტრის ზურგში და სამეთაურო პუნქტები. 

უკრაინელებმა HIMARS-ებთან ერთად მიიღეს 70 კილომეტრზე მოქმედი რაკტების მარაგიც, თუმცა უფრო შორი რადიუსის რაკეტების გადაცემისგან ბაიდენის ადმინისტრაციამ თავი შეიკავა. ძირითადად საუბარია ATACAMS-ის ტიპის რაკეტებზე, რომელთა გაშვებაც HIMARS-საც შეუძლია და რომლის მოქმედების რადიუსიც 300 კილომეტრს აღწევს. 

თავის მხრივ უკრაინულმა მხარემ HIMARS-ის მიღების დროს აიღო სიტყვიერი ვალდებულება, რომ აშშ-ის მიერ გადაცემულ გამშვებ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის არ გამოიყენებდა.  უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები მიცემულ სიტყვას პატიოსნად ასრულებენ. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, HIMARS-ების მოდიფიკაციის შეცვლით ამერიკულმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გადააზღვია რისკი, რომ უკრაინა რომელიმე სხვა ქვეყნიდან არ მიიღებდა აშშ-სგან შეძენილ ATACAMS-ის ტიპის რაკეტას, ან არ შეიმუშავებდა საკუთარ რაკეტას, რომლის გასაშვებადაც ამერიკულ დანადგრას გამოიყენებდა. 

კონტექსტი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ამერიკულმა ადმინისტრაციამ ეტაპობრივად გააფართოვა უკრაინისთვის გადასაცემი ლეტალური შეიარაღების ჩამონათვალი. შედარებისთვის ანტი-სატანკო Javelin-ების ტიპის პირველი პარტია უკრაინამ 2017 წელს მიიღო. 

აშშ-ში განვითარებული შიდა დისკუსიების შემდეგ, თუ რა მოდიფიკაციით გადაეცათ უკრაინისთვის Stinger-ის ტიპის სისტემები, საბოლოოდ საკითხზე კონენსუსი შედგა. აშშ-სგან პირველი Stinger-ები უკრაინამ თებერვლის მიწურულს მიიღო. იმავე შეიარაღება ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიაწოდეს უკრაინას ბალტიისპირა სახელმწიფოებმა. 

უკვე აპრილში თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას M777-ის ტიპის ჰაუბიცებს გადასცემდა. ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის შორი მოქმედების საზღვაო რაკეტებს გადასცემდა. 

იმავე თვის მიწურულს აშშ-ს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას ზალპური ცეცხლის ბორბლიან ტექნიკას მიაწვდიდნენ, რაც უკრაინის არტილერიის მოქმედების არეალს პრაქტიკულად აორმაგებდა. 

უკვე აგვისტოში პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას საავიაციო ბაზირების HARM-ის ტიპის რაკეტება გადაეცა. 

ამ ეტაპობრივი განვითარების მიუხედავად, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ს ადმინისტრაცია გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილით მოქმედებს, რის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ შორი რადიუსის შეიარაღების გარეშე მოქმედებენ. 

უკრაინას ჯერჯერობით უარს ეუბნებიან Gray Eagle-ის ტიპის შორ რადიუსზე მოქმედი დრონების გადაცემაზეც. უკრაინას უარი ეთქვა დასავლური ავიაციაზეც - თუმცა აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების თვითმფრინავების გადაცემას კონფლიქტის დასრულების შემდეგ. 

ბაიდენის ადმინისტრაციის სიფრთხილეს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ევროპისა და აშშ-ს ყოფილ თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს შორის. ისინი მიუთითებენ, რომ კონფლიქტის ესკალაციის უსაფუძვლო შიშით, რუსეთი ამ დროისთვის პრაქტიკულად დაუსჯელად და უპასუხოდ ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრაქსტრუქტურას. 

"თუ ჩვენ გვინდა პუტინის შეჩერება ამის გაკეთება შეგვიძლია უკრაინისთვის შორი რადიუსის შეიარაღების მიწოდებით",- ამბობს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი. 

არიან ექსპერტებიც, რომლებიც თეთრ სახლს გადაწყვეტილებას უწონებენ და კვლავ სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. მაგალითად ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანი. 

"აშშ-მ არ უნდა წაახალისოს უკრაინის მცდელობა სრულად განდევნოს ქვეყნიდან რუსეთის ჯარები, მათ შორის ყირიმიდანაც. ამგვარი მიდგომა ძალიან მაღალი რისკის შემცველი იქნებოდა და ვლადიმირ პუტინს უფრო სარისკო ნაბიჯებისკენ უბიძგებდა, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენაც",- ამბობს კუპჩანი. 

 

მსგავსი სიახლეები