Times: ზელენსკის გარემოცვაში ღელავენ ანდრეი ერმაკის მზარდ გავლენაზე

უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები ღელავენ პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრეი ერმაკის მზარდი გავლენაზე, როგორც უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

მოზრდილ მასალაში, რომელიც უკრაინის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო მაღალჩინოსნების მონათხრობზეა აგებული ნათქვამია, რომ ანდრეი ერმაკის ხელში დისპროპორციულად დიდი ძალაუფლება აღმოჩნდა. 


"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ანდრეი ერმაკი პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა გახდა. ზოგი წყარო ერმაკის ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს ან უკრაინის ვიცე-პრეზიდენტს უწოდებს" - წერს ავტორი. 

გამოცემის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ერმაკი სრულად აკონტროლებს ზელენსკის დღის წესრიგს და მაგალითად დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, რომლებსაც ზელენსკისთან სურდათ შეხვედრა საბოლოოდ სწორედ ერმაკთან შეხვედრაზე აღმოჩნდნენ. 

პრეზიდენტის ოფისში მსგავს ცნობებს "პროპაგანდისტულ შეტევებს" უწოდებენ და რომ ზელენსკი რეგულარულად ხვდება ელჩებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. 

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრიტიკოსების უკმაყოფილების მიზეზი ერმაკის ეფექტური, მაგრამ პირდაპირი მუშაობის სტილია - "ამ პოსტზე მყოფი ადამინიასთვის რთულია დარჩეს ყველას მეგობრად, მაგრამ ყველაზე საკვანძო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პრეზიდენტი იღებს."

Times სამხედრო წყაროების ცნობით, ერმაკი მიზანმიმართულად "აშორებდა" პრეზიდენტს ვალური ზალუჟნისგან. ამ წყაროების მიხედვით, თებერვალში ვალერი ზალუჟნის ЗСУ-ს მთავარსარდლის პოსტიდან გათავისუფლების ორგანიზატორი სწორედ ერმაკი იყო. 

პრეზიდენტის ოფისში მიუთითებენ, რომ ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩად დაინიშნა - "რაც მაღალი ნდობის ნიშანია."

ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიუთითებენ, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში პრეზიდენტის საქმიანობა უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლებით რეგულირებდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ოფისის უფროსს კონსტიტუცით გათვალისწინებული როლი აქვს როგორც უმაღლესი მთავარსარდლის საომარ კაბინეტში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში. 

წყაროები უკრაინის მთავრობაში ერმაკის ხელს ხედავენ ვიცე-პრემიერ ანდრეი კუბრაკოვის გათავისუფლების უკან. კუბრაკოვმა, რომელიც ამ დრომდე ინფრასქტურის მინისტრი იყო, საჯაროდ ამხილა პრეზიდენტის პარტიის დეპუტატები მოქრთამვის მცდელობაში. 

ზალუჟნიცა და კუბრაკოვიც ავტორიტეტულ და დამოუკიდებელ საჯარო ფიგურებად მიიჩნეოდნენ - ორივე მათგანი მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა. 

"მატულობს ღელვა, რომ ზელენსკი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რამდენიმე პირმოთნე ადამიანზე. შიში მით უფრო იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკიზე პირდაპირი წვდომის მქონე ადამიანების რიცხვი მცირდება, ხოლო ერმაკის გუნდი იზრდება."

პრეზიდენტთან გართულებულ პირდაპირ კომუნიკაციას ადასტურებს გამოცემასთან საუბარში ოლეჰ უსტენკო - ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. "მე ვიყავი ერთ-ერთი 5 თანაშემწისგან, რომლებსაც პირდაპირ წვდომა ჰქონდათ ზელენსკისთან. მრჩეველთა ეს წრე უკიდურესად შეზღუდულია."

მიმდინარე წლის მარტში თანამადებობიდან ახსნის გარეშე გათავისუფლებული უსტენკოს თქმით, პრეზიდენტის დღის წესრიგს ერმაკი თავისი მოადგილეების მეშვეობით აორგანიზებს. 

ერმაკის 2 ყოფილი მოადგილის პოლიტიკური კარიერა უკრაინის ანტი-კორუფციული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. საუბარია, ოლეჰ ტატაროვა და კირილ ტიმოშენკოზე, რომელიც ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრის მრჩეველად დაინიშნა. 

"საეთაშორისო პარტნიორების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მართლმსაჯულების რეფორმას კვლავ ოლეჰ ტატაროვი ხელმძღვანელობს. ეს წარმოუდგენელია",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ანტი-კორუფციული ქმედების ცენტრის უფროსი, დარინა კალენიუკი. 

კალენიუკის თქმით, ტატაროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძღრული, ქრთამის აღების ბრალდებით. წყაროების ცნობით, ერმაკი ტატაროვს მართლმსაჯულების უწყების ზედა და საშუალო რგოლის წარმომადგენლების კონტროლისთვის იყენებს. "ტატაროვი ძალიან ეფექტურია, მან იცის სისტემა და იცნობს იქ მომუშავე ადამიანებს",- ამბობს კალენიუკი. 

თავად ტატაროვი ყველა ბრალდებას უარყოფს, მათ შორის ცოტა ხნის ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის მფლობელის მიერ გაჟღერებულ ცნობებს, რომ მისგან ქრთამს ითხოვდნენ. 

დასავლური მედიის ცნობით, კორუფცია დასავლელი პარტნიორების მზარდი უკმაყოფილების საფუძველია. ვიზიტით კიევში მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "უკრაინა ისე შეურიგებლად უნდა ებრძოლოს კორუფციას ქვეყნის შიგნით, როგორც ფრონტის ხაზზე რუსეთს."

საჯარო უკმაყოფილებას იწვევს კირილ ტიმოშენკოს ფიგურაც, რომელიც პრეზიდენტის ოფისიდან წასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ფორტიფიკაციების მშენებლობის 670 მილოონი დოლარის მოცულობის პროექტს ხელმძღვანელობდა. უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა გასულ კვირებში, როდესაც ხარკივში რუსეთის მიერ ახალი ფრონტის გახსნის ფონზე, უკრაინელი სამხედროები მოუმზადებელი ფორტიფიკაციების შესახებ ლაპარაკობდნენ. 

თავის მხრივ პრეზიდენტის ოფისიდანაც ტიმოშენკო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გაათავისუფლეს - 2023 წელს უკრაინის კორუფციის პრევენციის ცენტრმა აღმოაჩინა, რომ ტიმოშენკო ძვირადღირებულ Porsche Taycan-ს ატარებდა და უფასოდ ცხოვრობდა ერთ-ერთი ბიზნესმენის კუთვნილ ვილაზე. ტიმოშენკოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებდნენ - წყაროების ცნობით, ტიმოშენკო მისი გარემოცვის წევრებს ქვეყნის დატოვების ნებართვების მოპოვებაში ეხმარებოდა. 

პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ანტი-კორუფციულ უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ წარმოუდგენიათ ტიმოშენკოს მამხილებელი საკმარისი მტკიცებულებები. "ჩვენ არ გვყავს ხელშეუბლები, მაგრამ ბრალდება სასამართლოში უნდა დამტკიცდეს",- ამბობს წყარო პრეზიდენტის ოფისში. 

ზელენსკის გარემოცვაში იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია პრეზიდენტმა კურსი შეცვალოს. "ჩვენ ვნახეთ, რომ ზელენსკი შესაძლოა განსხვავებული პრეზიდენტი იყოს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ არის მისი ოფისის უფროსი. ზელენსკის შეცდომაა, რომ ერმაკს ამხელა ძალაუფლება გადასცა",- ამბობს დარინა კალენიუკი. 

 

მსგავსი სიახლეები