Toyota სანქტ-პეტერბურგში ქარხანას ხურავს

იაპონური კონცერნი Toyota სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე სოფელ შუშარიში ავტომობილების ქარხანას ხურავს. ამის შესახებ პარასკევს, 23 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, კონცერნმა ვერ გამართა კომპონენტების რუსეთში მიწოდება.

როგორც მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ თანამშრომლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტია მისცა.

ქარხნის დახურვის მიუხედავად, ავტომწარმოებელი ჯერ არ გეგმავს რუსეთის დატოვებას, როგორც ამას ბევრი უცხოური კომპანია აკეთებდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო.

Toyota Motor-ის ქარხანა შუშარიში 2007 წელს გაიხსნა. 2022 წლის მარტში Toyota-მ საწარმოს მუშაობა კომპონენტების მიწოდების შეფერხების გამო შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები