ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი გახდეს - Axios

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატად ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორ დაგ ბერგამს განიხილავს.

ამის შესახებ Axios წერს.

გამოცემის წყაროების მიხედვით, ტრამპის გუნდი ბერგამს "უსაფრთხო ვარიანტად" მიიჩნევს, რომელსაც ზომიერი ამომრჩევლების ხმების მოზიდვა შეუძლია.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა და მისმა მეუღლემ სააღდგომო ბრანჩისთვის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ბერგამს და მის მეუღლეს უმასპინძლეს.

წყაროების თქმით, ტრამპი ბოლო კვირებში ხშირად ახსენებდა ბერგამის სახელს მის გარემოცვაში.

ტრამპისა და ბერგამის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

ტრამპის გარემოცვიდან ორმა წყარომ თქვა, რომ მას მოსწონდა ბერგამის ზომიერი ქცევა და მისი, როგორც გუბერნატორის გამოცდილება.

Axios აღნიშნავს, რომ ბერგამი თვისებებით ძალიან ჰგავს მაიკ პენსს, რომელიც ტრამპმა 2016 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ბერგამი ბევრ საკითხში ეთანხმება ტრამპს, განსაკუთრებით აბორტთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერებში მონაწილეობდა, მაგრამ დეკემბერში რბოლას გამოეთიშა.

ამის შემდეგ ტრამპმა მიანიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბერგამის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას აპირებს.

მსგავსი სიახლეები