ტრამპმა ნეთანიაჰუს დაურეკა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ესაუბრა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების საკითხზე ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ Axios აშშ-ში ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი აშშ-ის, კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის მაღალჩინოსნების მონაწილეობით ხუთშაბათს, დოჰაში ჩატარდება.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა მძევლების გათავისუფლებისთვის, ღაზაში მყოფი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რეგიონული დაძაბულობის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია.
"ჰამასს" ამჟამად 115 ისრაელელი მძევალი ჰყავს ღაზაში. ომის დაწყების შემდეგ 39 900 პალესტინელი დაიღუპა.
ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ტრამპის მოწოდება მიზნად ისახავდა ნეთანიაჰუს წახალისებას, დათანხმებულიყო შეთანხმებაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში სატელეფონო საუბრის ფაქტი არ უარყვეს. ტრამპის კამპანიამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
გასულ თვეში ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაასრულოს ღაზაში ომი და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს მძევლები.
Fox News-თან ინტერვიუს მომდევნო დღეს ნეთანიაჰუსთან მარ-ა-ლაგოში შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ მძევლების მდგომარეობა ძალიან რთულია და ისინი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლენენ.
ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი რეგიონული ომის შესახებ შიშები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისრაელმა თეირანში "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე და "ჰეზბოლას" სამხედრო მეთაური ფუად შუკრი მოკლა.