ტრამპსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 1.5 საათი გაგრძელდა. 

ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობები თავდაპირველად CNN-მა გაავრცელა. ცნობები მოგვიანებით დაადუსტურა კრემლის პრესსამხურმა და დონალდ ტრამპმა, რომელიც ზარის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. 

სოციალურ ქსელ Thruth-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი სატელეფონო საუბარს ძალიან პროდუქტიულს უწოდებს - მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო მუშაობის შესახებ, მათ შორის გაცვლით ვიზიტებზე და ასევე მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ. 

"ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთზე, ხელოვნურ ინტელექტზე, დოლარის ძალასა და სხვა თემებზე. ვისაუბრეთ ჩვენ ხალხების დიდებულ ისტორიაზე და იმაზე თუ როგორ წარმატებით ვიბრძოდით ერთმანეთის გვერდიგვერდ მეორე მსოფლიო ომში"- წერს ტრამპი. 

შეხვედრის შესახებ გავრცელებულ კომენტარში დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საუბარი 1.5 საათი გაგრძელდა და მხარეებმა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრინციპულ თანხმობას მიაღწიეს. ამასთანავე, პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია. 

ამერიკული მედიის ცნობით, უახლოეს საათებში გაიმართება დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი. 

ტრამპის თქმით, მან მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელობა სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცსა და ახლო აღმოსავლეთში თავის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს სთხოვა. 

ტრამპის თქმით, დარწმუნებულია, რომ "მოლაპარაკებები ძალიან წარმატებული იქნება."

კონტექსტი 

პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა სტივ უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში. ამერიკული მედიის ცნობით, უიტკოფმა 3-საათიანი შეხვედრა გამართა ვლადიმირ პუტინთან, ვიზიტის ფარგლებში, რომლის ოფიციალური მიზანიც პატიმრების გაცვლა იყო. 

New York Times-ის ცნობით, მოსკოვში გამგზავრებამდე უიტკოფი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პუტინის "უახლოესი გარემოცვის წევრებთან - ამავე წყაროს ცნობით, უიტკოფმა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა საუდის არაბეთის და კატარის წარმომადგენლებთანაც. 

თეთრ სახლში სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოგელის გათავისუფლება შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების კარგი წინაპირობა აღმოჩნდეს. 

ფოგელი, რომელიც წარსულში რუსეთში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იყო, ხოლო ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ანგლო-ამერიკულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა 2021 წელს სამედიცინო მარიხუანის შენახვისთვის დააპატიმრეს, ხოლო უკვე 2022 წელს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებების პირობები სამართლიანი იყო და ფოგელის გათავისუფლების სანაცვლოდ "ამერიკამ არც ისე ბევრი რამ დათმო."

ფოგელი სამშობლოში სტივ უიტკოფის პირადი თვითმფრინავით დაბრუნდა, რომლითაც დონალდ ტრამპსაც არაერთხელ უსარგებლია. უიტკოფის კუთვნილი Gulfstream ვნუკოვოს აეროპორტში დილის 9 საათისთვის დაეშვა და საღამოს 21 საათზე აფრინდა. 

ფოგელის გათავისუფლებაზე უკრაინის ომის კონტექსტში ისაუბრა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცმაც - "ეს შეთანხმება დასტურია იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ უკრაინაში მიმდინარე საშინელი და სასტიკი ომის დასრულების გზაზე."

ვინ არის სტივ უიტკოფი?

სტივ უიტკოფი უძრავი ქონების მაგნატი, ტრამპის ძველი ბიზნეს პარტნიორი და უახლოესი მეგობარია. თავის მეორე ადმინისტრაციაში უიტკოფი ტრამპმა ახლო-აღმოსავლეთში საკუთარ სპეც-წარმომადგენლად დანიშნა, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, უიტკოფის გავლენა სწრაფად იზრდება. 

New York Times-ის ცნობით, ფოგელის გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ჩვეული შეთანხმების ფარგლებს სცდება, ხოლო უიტკოფი "გარკვეულ" როლს ასრულებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე ოფიციალურ წარმომადგენლად დონალდ ტრამპმა 82 წლის გენერალი კეიტ კელოგი დანიშნა  გაზეთის წყაროების ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა უიტკოფს მისცა მითითება, რომ დაეწყო საიდუმლო მოლაპარაკებები კრემლთან. 

მსგავსი სიახლეები